logo
ENG



"ერთად ვთქვათ - საქართველო თავისუფალია" - ხოშტარია 9 აპრილს მოქალაქეებს შეკრებას სთავაზობს

06 აპრ 202214:19
3 წუთის საკითხავი
 
"ერთად ვთქვათ - საქართველო თავისუფალია" - ხოშტარია 9 აპრილს მოქალაქეებს შეკრებას სთავაზობს

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია 9 აპრილს 16:00 საათზე მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებას სთავაზობს.

ხოშტარიას თქმით, ამ დღეს ყველა ერთი იდეისთვის უნდა გაერთიანდეს და თქვას, რომ საქართველო არის და იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი, ერთიანი და ღირსეული ქვეყანა.

 "გთავაზობთ, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 16:00 საათზე. დაე, ეს იყოს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, განაცხადი, რომ დღეს ბოროტების წინაშე ვდგავართ ძლიერად, ერთიანად და სინათლის მხარეს. განაცხადი, რომ საქართველო არასდროს არ ჩაჰყვება საფლავში საბჭოთა კავშირს, რომელიც ვერასდროს აღდგება და რომელიც მარცხდება დღეს უკრაინაში, მათ შორის, ჩვენი ქართველი მებრძოლების მონაწილეობით. ყველამ ერთად ვთქვათ ეს!

ყველა პარტიასთან მაქვს და მექნება საუბარი, ყველა ბიზნესმენს მივმართავ, რომელიც ქმნის ამ ქვეყნის დოვლათს, ყველა განსხვავებული აზრის ადამიანს, ყველა სამოქალაქო ჯგუფს, ყველა აქტიურ მოქალაქეს - გადავდოთ ყველაფერი, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ვთქვათ, რომ საქართველო არის და იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი, ერთიანი და ღირსეული ქვეყანა!" - თქვა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეები არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორიც დღეს.

"ბოროტების იმპერიამ გადაწყვიტა, რომ წაგვართვას ის, რაც ჩვენ მოვიპოვეთ და შევქმენით. 9 აპრილის შემდეგ, არაერთი უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ, როდესაც კრემლი საკუთარი აგენტების თუ ჯგუფების მეშვეობით ებრძოდა ჩვენს ერთიანობას, ებრძოდა ჩვენს თავისუფლებას, ებრძოდა ჩვენს მშვიდობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ვართ განსხვავებულები, რომ გვაქვს ძალიან ბევრი საჩხუბარი, რომ ვართ ცუდები, სუსტები. სინამდვილეში, ჩვენი ისტორია არის სავსე ღირსებით და თავისუფლების მოფრთხილებით.

ჩვენ აქ გვყავს დევნილები, ბუჩადან, მარიუპოლიდან და ბევრი სხვა ქალაქიდან, რომლებიც ეწირებიან რუსულ იმპერიას. ჩვენ აქ გვყავს ის თაობა, რომელიც უკვე დაიბადა თავისუფალ საქართველოში და ისინი არ აპირებენ დაუთმონ საკუთარი თავისუფლება, კეთილდღეობა, მშვიდობა ვინმეს", - ამბობს ხოშტარია.


close დახურვა